საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქართული ელემენტებით – ასე ახასიათებს თელავში მშენებარე პირველ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს მისი გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი. ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა კახეთში 2018 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
პროექტს შპს „სასტუმრო თელავი“ ახორციელებს. კომპანია ბიზნეს ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს, ხოლო სასტუმრო ბიზნესის თვალსაზრისით, ეს მათი პირველი პროექტია.

„Holiday Inn კმაყოფილი სტუმრების რაოდენობითა და მაღალი დონის სერვისით სასტუმროებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და მსოფლიოში 2 000-ზე მეტი სასტუმროთია წარმოდგენილი, რაც უკვე ბევრის მთქმელია. ლონდონში სწავლისას გამიჩნდა იდეა – რატომ არ შეიძლებოდა თბილისისა და ბათუმის მსგავსად რომელიმე ბრენდული სასტუმრო კახეთშიც გაგვეკეთებინა. მცირე ბიზნეს გეგმას სხვადასხვა კომპანიებს ელექტრონულად ვუგზავნიდი და ამ პროცესმა დაახლოებით 1 წელი წაიღო. თავიდან ინფორმაცია არ ჰქონდათ და მოგვიწია დარწმუნება, რომ კახეთში მსგავსი ბრენდის სასტუმროზე მოთხოვნა იყო. აპრილში კი მშენებლობა დავიწყეთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კახეთში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი შემოგვყავს, რომელიც სასტუმროს მართვას განახორციელებს. საუბარია ესპანურ კომპანია T3 Hospitality Management-ზე. სასტუმროში ძირითადად ადგილობრივები, დაახლოებით 60-70 ადამიანი დასაქმდება,“-აღნიშნა ერისთავმა.

რა ნიშნით შეირჩა სასტუმროს ასაშენებლად თელავი

კვლევები ჩავატარეთ, რამაც ნათლად დაგვანახა რომ კახეთში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მაღალი კლასის სასტუმროზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროექტის თელავში განხორცილება. ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს, რაც უნდა გამოვიყენოთ. თელავი კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად მიიჩნევა და ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო ლოკაციაა. ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კახეთში ტურისტული ნაკადის შემოდინებას. ტურიზმის განვითარება კი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სწორად შერჩეული სტრატეგიაა.

ვისზე იქნება სასტუმრო გათვლილი

ფოკუსირებას ძირითადად ტურისტებზე ვაკეთებთ. მაგრამ ქართულ სეგმენტსაც ვითვალისწინებთ და გარდა იმისა, რომ ეს იქნება ტურისტებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილი, სასტუმროს სიტუაცია ქათულ სეგმენტზეც იქნება გათვლილი. გვინდა ეს სასტუმრო ქართულ რეალობას მოვარგოთ და დამსვენებლებს ცოტა განსხვავებული, უნიკალური სერვისები შევთავაზოთ. ქართული ელემენტები დიზაინშიც იქნება და დამსვენებელი სასტუმროში შესვლისთანავე მიხვდება, რომ თელავშია.

რა სერვისებს შესთავაზებს სასტუმრო დამსვენებლებს

გვსურს სასტუმროში შემოსულმა სტუმარმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. ამაში მხოლოდ ნომერში განთავსება არ იგულისხმება. გადავწყვიტეთ სტუმრებისთვის ისეთი სერვისები შეგვეთავაზებინა, რაც მათ სასტუმროში დაბრუნების სურვილს კიდევ ერთხელ გაუჩენს. სასტუმროში იქნება 85 ნომერი; 3 საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ჯამში 150 პერსონაზე იქნება გათვლილი; ფიტნეს ცენტრი; მასაჟისა და ორთქლის ოთახი; ორი რესტორანი, როგორც ქართული ასევე ევროპულ-აზიური სინთეზის მქონე სამზარეულოთი, ამასთან, დამსვენებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ღია ტიპის აუზით.

აღსანიშნავია, რომ Holiday Inn-ის ახალი კონცეფციით, დამსვენებლებმა ნომრებში რაც შეიძლება მცირე დრო უნდა გაატარონ. ამისთვის, ჩვენი სასტუმროს ბოლო სართულზე, საიდანაც კავკასიონის მთები ჩანს, იქნება ტერასა და დამსვენებლებს ხედებით ტკბობაც შეეძლებათ. გარდა ამისა, დამსვენებლებს სხვადახვა სახის ღონისძიებებსაც შევთავაზებთ, რითიც კახეთი ღირებული და მიმზიდველია. მაგალითად, ღვინის დამზადების, ჩურჩხელის ამოვლების პროცესს, გვექნება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დამსვენებლები რთველის დროს ყურძნის კრეფის პროცესს ადგილზე გაეცნობიან და ა.შ.

ამასთან, სასტუმრო მაღალი ხარისხის სერვისს სტუმრებს შედარებით დაბალ ფასად შესთავაზებს, რაც მას რეგიონში მდებარე სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევს.

შპს „სასტუმრო თელავი“, რომელიც კახეთში აღნიშნულ პროექტს ახორციელებს, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სასტუმროების გახსნას სხვა რეგიონებშიც აპირებს.

„ჩვენი კომპანია მონაწილეობას იღებს „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“. მთავარი ფაქტორი, რის გამოც ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ ისაა, რომ “თიბისი ბანკი” ჩვენი პროექტის მხარდამჭერია და სანდოობა ამ კონკურსის მიმართ მაღალია. გარდა ამისა, ამ ტიპის კონკურსები მოტივაციას გვიჩენს უფრო საინტერესო პროექტი განვახორციელეოთ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ჯგუფი თელავში სასტუმრო Holiday Inn-ის გახსნაზე გაჩერებას არ აპირებს. სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, უკვე გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდებთან და მათი მხრიდანაც ინტერესი საკმაოდ დიდია,“-აღნიშნა Holiday Inn Telavi-ს დირექტორმა ლევან ერისთავმა.